012

eTika

მარკეტინგული საქმიანობის კოდექსის მიღების ღონისძიება

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში (ფკწას)- ასოციაციის კოდექსის მიღება საქართველოში მარკეტინგული საქმიანობის შესახებ

2014 წლის 20 მაისს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა ასოციაციის მიერ შემუშავებული კოდექსის პრეზენტაცია საქართველოში ფარმაცევტული მარკეტინგული საქმიანობის შესახებ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ასოციაციის მიერ შემუშავებული კოდექსი, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და რომლის მიზანიც არის დაარეგულიროს ფარმაცევტული კომპანიების მიერ მათი პროდუქციის პრომოციის და გავრცელების მეთოდების ეთიკურობა და შესაბამისობა არსებულ რეგულაციებთან და წესებთან. ეს არის საქართველოსთვის პირველი ასეთი ტიპის კოდექსი, რომელიც საშუალებას აძლევს ფარმაცევტულ კომპანიებს და ჯანდაცვის სპეციალისტებს კოდექსში გაწერილი საერთო კრიტერიუმებით შეაფასონ მათი ურთიერთთანამშრომლობის ეთიკურობის ხარისხი და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ჩნდება შესაძლებლობა ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტებზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება და მიღებული იქნას ზომები დარღვევების აღმოხვრისთვის.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების სამარკეტინგო საქმიანობის ეთიკურად განხორციელების როლსა და მნიშვნელობაზე და ამგვარი საქმიანობის აუცილებლობაზე მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ქვეყნებში და კონკრეტულად საქართველოში. მიმოხილული იქნა ფარმაცევტული კომპანიებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ურთიერთობაში არსებული ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის სამედიცინო პერსონალის პროფესიულ საქმიანობას და შესაძლებელია, ნეგატიურად იმოქმედოს პაციენტის მდგომარეობაზე.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ: საერთაშორისო მომხსენებლები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, თსსუ-ს წარმომადგენლები, პროფესიული სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელები, პაციენტთა ორგანიზაციები, სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებების წარმომადგენლები, სამედიცინო სფეროში მოღვაწე სადაზღვევო კომპანიები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ოფიციალური პირები, ფარმაცევტული დისტრიბუტორული კომპანიების და ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოებების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები , არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 100-ზე მეტი კლინიკის, სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის და სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, მედიის წარმომადგენლები.